EU4Business ქართველ ვეტერინარს კონკურენტული ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა

საქართველო
 | 

ახალგაზრდა ვეტერინარმა სტუდენტმა დავით შალამბერიძემ მეცხოველეობის მომსახურების ცენტრი 2001 წელს დააარსა, რასაც ბიზნეს საქმიანობის გაფართოება მოჰყვა. დღეს უკვე მრავალფეროვანი კომპანია  „ინვეტ ჯგუფიმომხმარებლებს, ვეტერინარულ თუ ზოო პროდუქციასა და მომსახურებასთან ერთად, ცხოველის საკვებსა და საკვებდანამატებსაც სთავაზობს.   EU4Business-ის მხარდაჭერით, EBRD-ის პროექტისკონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის ფარგლებში, კომპანიამ თანადაფინანსებით ისარგებლა და, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვით, სწრაფ ზრდასა და ოპერაციული მენეჯმენტის გამოწვევებს გაართვა თავი. ახალი პროგრამის შედეგად, კომპანიის შრომის ნაყოფიერება 40%-ით, ბრუნვა კი 20%-ით გაიზარდა.

გზა 3-დან 80 თანამშრომლამდე

ახალგაზრდა ვეტერინარმა ბიზნესი პროფესიული თვითრეალიზაციის მიზნით ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო. 2,000 დოლარის ღირებულების პირველი ინვესტიციითა და მეგობრების თანადგომით, სტუდენტმა მეცხოველეობის მომსახურების ცენტრი გახსნა და მიზნად ფერმერებისთვის სწორი ვეტერინარული რეკომენდაციების გაცემა დაისახა. საწყისი პერიოდი ბაზრის კვლევასა და საველე ვიზიტებს დაეთმო. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციები დამფუძნებელს დარგის სპეციფიკის დაუფლებაში დაეხმარა. შედეგად, მისი საქმიანობა იქცა მრავალფეროვან ბიზნესად, რომელმაც ბაზარზე საჭირო ვეტერინარული პროდუქტები, მათ შორის, ცხოველის საკვები და საკვებდანამატები  წარმოადგინა.

რამდენიმე წელში, ცენტრი იქცა ერთ-ერთ პირველ კომპანიად, რომელმაც პირდაპირი თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ ვეტერინარული მედიკამენტებისა და ცხოველთა საკვების მწარმოებელ კომპანიებთან დაიწყო. 2006 წლისთვის კომპანია ვეტერინარულ მედიკამენტებს უკვე ადგილობრივად აწარმოებდა. შედეგად, ბაზარზე დომინირებული იმპორტირებული პროდუქცია მაღალი ხარისხის ევროპული ბრენდებით ჩანაცვლდა.

დღეისთვის „ინვეტ ჯგუფი“ 8 რეგიონულ ფილიალსა და 3 საწყობს ფლობს. სადისტრიბუციო ქსელი და ცხელი ხაზი მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. მზარდი ბიზნესი 80 თანამშრომელს აერთიანებს.

EU4Business კომპანიის გამოწვევის კვალდაკვალ

„ინვეტ ჯგუფმა“ ევროკავშირის სტანდარტის ცხოველის საკვების ადგილობრივი წარმოება 2015 წელს დაიწყო. კომპანიამ მოაწყო ლაბორატორია, სადაც პროდუქციის ხარისხი მუდმივად მოწმდება. მის მფლობელობაშია მეფრინველეობის ფერმა, რომელიც დაავადებების მიმართ მედიკამენტების მდგრადობის ტესტირებას უზრუნველყოფს.

ასეთმა სწრაფმა პროგრესმა ფულადი სახსრების დინების პრობლემები წარმოშვა და საფრთხე შეუქმნა კომპანიის მდგრადობის შენარჩუნებას. EBRD-ის პროექტი „კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის“, რომელიც ევროკავშირის მიერ EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში ფინანსდება, „ინვეტ ჯგუფს“ სამუშაო დატვირთვასთან გამკლავებაში დაეხმარა და კომპანია კომპეტენტურ ადგილობრივ კონსულტანტებს დააკავშირა. რიგი ყოველდღიური პროცედურების უფრო ეფექტური მონიტორინგის გამოწვევა EU4Business-ის 2,190 ევროს თანადაფინანსებით გადაიჭრა. „ინვეტ ჯგუფმა“ დანერგა ავტომატიზირებული აღრიცხვისა და მართვის პროგრამა აპექსი, რომელიც პროდუქციის კატალოგისა თუ გაყიდვების, ფულადი თუ სასაწყობე ნაკადების შესახებ ზუსტი ანგარიშების მომზადებას უზრუნველყოფს.

კომპანიამ დანერგა პროგრამა, რომელიც ბიზნესს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს და ბუღალტერიისა თუ დებიტორული დავალიანებების სრულ ონლაინ ანალიზს უზრუნველყოფს. მაკა სხვიტარიძე, „ინვეტ ჯგუფის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი განმარტავს, რომ, პროგრამაში მორგებული მოდულების ჩაშენების შედეგად, ბიზნესმა ფულადი ნაკადი დაარეგულირა და ზედმეტი მარაგის საკითხიც გადაწყვიტა.

„მედიკამენტების ვადიანობისა და წარმოების პროცესის მკაცრი კონტროლის მექანიზმის გამოყენებით შემცირდა ჩვენი დანაკარგები როგორც სასაწყობე, ისე საწარმოო საქმიანობაში“, აღნიშნავს მაკა სხვიტარიძე. „შედეგად, გავაფართოვეთ საკლიენტო ბაზა, ავითვისეთ ახალი ობიექტები და დავხვეწეთ სადისტრიბუციო ქსელი, რამაც ჩვენი მოგების კვლავ ზრდა განაპირობა“.

უფრო მეტიც, ავტომატიზირებულმა ინფორმაციულმა სისტემამ ბიზნეს საქმიანობაც გაამარტივა. კონკრეტული საქმიანობისთვის საჭირო დრო ერთი კვირიდან ერთ დღემდე შემცირდა, რამაც ადამიანური რესურსის 85%-ით მინიმიზაცია განაპირობა.  მაკა სხვიტარიძე განმარტავს, რომ პროგრამამ არასწორი ფინანსური მართვის რისკებიც აღმოფხვრა.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ჩვენი ბიზნეს ისტორიის მანძილზე მიგვიღია“ - აღნიშნავს დავით შალამბერიძე, „ინვეტ ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

„ინვეტ ჯგუფის“ საქართველოში რეგისტრირებული 45 ვეტერინარული მედიკამენტიდან 8 უკვე ექსტპორტზე გადის აზერბაიჯანში, ცხოველის გრანულირებული საკვები კი სომხეთში იყიდება. მომავალში გაყიდვების მეზობელ ქვეყნებში გაფართოებაც იგეგმება. კონკურენტული პოზიციის გაძლიერების მიზნით, მენეჯმენტი ISO 22000 სურსათის უვნებლობის მართვის სტანდარტების დანერგვის პროცესშია.