ვაჭრობის შეთანხმებები

2014 წლის 27 ივნისს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს (AA). ეს შეთანხმებები შევიდა ძალაში 2016 წლის 1 ივლისს საქართველოსა და მოლდოვასთვის და 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინისთვის. ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძვლის შექმნისას ისინი მიზნად ისახავს ეკონომიკურ განვითარებას, გრძელვადიან სტაბილურობას, გამჭვირვალობასა და ბიზნესის პროგნოზირებადობას. ასოცირების შესახებ შეთანხმებები ასევე უზრუნველყოფს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნას, რაც სატარიფო, არასატარიფო და მარეგულირებელი ბარიერების თანდათანობით მოხსნის გზით, შექმნის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, დაასტიმულირებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, გაზრდის ეკონომიკურ მოდერნიზაციას და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ამ სამ ქვეყანაში.

 

რა არის DCFTA?

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იქმნება 3 აღმოსავლელ მეზობელთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების საფუძველზე და შედარებით უფრო ამბიციურია ორმხრივი ვალდებულებების თვალსაზრისით, ვიდრე ევროკავშირის მიერ გაფორმებული ტრადიციული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები (FTA). ეს დაკავშირებულია ორმხრივი ვალდებულებების სიღრმისეულობასა და ყოვლისმომცველობასთან, რაც ითვალისწინებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზართან.

ვაჭრობასთან და ზოგადად ამ სფეროსთან დაკავშირებულ ვალდებულებებს აქვს „ღრმა და ყოვლისმომცველი“ ხასიათი, რაც ნიშნავს იმას, რომ, ბაზრის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ისინი მიზნად ისახავს საქონლით ყველა სახის ვაჭრობის ორმხრივ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნას მომსახურების მომწოდებელთათვის (დისკრიმინაციის გარეშე და ეროვნული რეჟიმის პირობებში), აგრეთვე კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს იმას ნიშნავს, რომ სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტიორთა გადასახდელი საბაჟო მოსაკრებლები თანდათანობით იქნება ამოღებული ან შემცირებული (პრინციპულად უფრო სწრაფად ევროკავშირის მხრიდან – ასიმეტრიული მიდგომიდან გამომდინარე) და არასატარიფო ბარიერები აღმოიფხვრება. ევროკავშირის დიდი შიდა ბაზრის გახსნით მოგების ეფექტურად და მარტივად მიღების მიზნით, DCFTA-ს პარტნიორებმა გადაწყვიტეს, დაეწყოთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ნორმატიული დაახლოება ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში, როგორიცაა: ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები, სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები, საბაჟო და ვაჭრობის რეგულირება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, კონკურენცია, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, საფოსტო და საკურიერო მომსახურება, ფინანსური და საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების მომსახურება.

ამ ზემოქმედებებთან ერთად, რასაც შესაბამისი მარეგულირებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ შორის ვაჭრობაზე, მხარეები ვალდებულნი არიან, შექმნან და შეინარჩუნონ ეფექტური და პროგნოზირებადი ნორმატიული გარემო, განსაკუთრებით მცირე ზომის ეკონომიკური ოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესს თავიანთ ტერიტორიებზე, სამართლებრივი სიცხადისა და პროპორციულობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ეკონომიკური ინტეგრაციის კონტექსტში ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ DCFTA-ს ნაწილების გარდა არსებობს ასოცირების შეთანხმების სპეციალური თავები, რომლებიც ეხება პარტნიორებს შორის ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობას. ცხადია, რომ მათი დებულებები მომართულია ბიზნესისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გაძლიერებისკენ. ამ მიზნით საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ გააფართოვეს მათი ნორმატიული ზომების მიღების ვალდებულებები გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, მომხმარებელთა დაცვის, დასაქმების, სოციალური და თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის სფეროებში. გარდა ამისა, მხარეებმა უნდა განავითარონ და განამტკიცონ თანამშრომლობა სამრეწველო და საწარმოო პოლიტიკის სფეროში, რითაც გააუმჯობესებენ ბიზნეს გარემოს ყველა ეკონომიკური ოპერატორისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

ამასთან დაკავშირებით, ასოცირების შესახებ შეთანხმებები DCFTA-სთან ერთად დადებითად აისახება თითოეული პარტნიორი ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და ნორმატიულ ბაზაზე. ეს უკანასკნელი გავლენას მოახდენს არა მარტო ევროკავშირის ექსპორტიორებზე, არამედ იმ კომპანიებზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე მოქმედებენ, იმდენად, რომ მათ ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ნორმატიული გამჭვირვალობით, სამართლიანი კონკურენციითა და ზოგადად უფრო მეგობრული საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატით.

ერთობლივი სარგებელი

DCFTA-ს წყალობით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იღებენ შეღავათიან წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე (ერთიანი წესით რეგულირებად) 500 მილიონი მომხმარებლით და 14 ტრილიონი ევროს მშპ-ით, ასევე უფრო დიდ შესაძლებლობებს რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე.

არსებული საბაჟო ტარიფების, არასატარიფო და ნორმატიული ბარიერების თანდათანობით გაუქმება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და, შესაბამისად, გაზრდის პროდუქციისა და მომსახურების მრავალფეროვნებას, ხარისხსა და უსაფრთხოებას, გააუმჯობესებს ბაზარზე კონკურენციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მომხმარებელთათვის ფასების შემცირებას, ბიზნესის კლიმატის გაჯანსაღებას, ინვესტორების მოზიდვას და ამასთანავე სოციალური, გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა დაცვის ზომების მაღალ დონეზე უზრუნველყოფას. ასევე ის უზრუნველყოფს სტაბილურ და უფრო პროგნოზირებად წესებს ბიზნესის წარმართვისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში.

ევროკავშირის კომპანიებს DCFTA სთავაზობს, ტარიფებისა და ნორმატიული აქტების ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, საქონლისა და მომსახურების ბაზრის ხელმისაწვდომობის და საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდას, ახალ პოტენციურ მომწოდებლებს და აუთსორსინგის შესაძლებლობებს.

მარტივად რომ ვთქვათ, DCFTA ნიშნავს:

  • უბაჟო ვაჭრობას
  • ნაკლებ ბიუროკრატიას
  • გამჭვირვალე პირობებს ბიზნეს ოპერაციებისათვის
  • სამართლიან კონკურენციას
  • შესაძლებლობებს მომსახურების მიმწოდებლებისთვის
  • საინვესტიციო შესაძლებლობებს
  • დაქირავების შესაძლებლობებს

იცით?

  • ასოცირების შეთანხმებების/DCFTA-ს გამოყენების შემდეგ[1]:
    • ევროკავშირის იმპორტი მოლდოვიდან 2015 წელს გაიზარდა 5,5%-ით და 2016 წელს – 7,7%-ით. მოლდოვის ვაჭრობამ ასევე ევროკავშირში გადაინაცვლა. მოლდოვის ექსპორტის დაახლოებით ორი მესამედი (66%) 2016 წელს გადავიდა ევროკავშირში, შემდეგ მოდის რუსეთი (12%) და ბელარუსი (5%).
    • ევროკავშირის იმპორტი საქართველოდან 2015 წელს 12%-ით გაიზარდა, მაგრამ 2016 წელს 25%-ით შემცირდა [შემცირება ნომინალურია, ნედლეულის ექსპორტის ფასებში ცვლილებების გათვალისწინებით]. 2016 წელს ევროკავშირი იყო საქართველოს საკვანძო პარტნიორი, საერთო ვაჭრობაში 30%-იანი წილით (27%-ით DCFTA-ს ძალაში შესვლამდე), შემდეგ მოდიან კანადა (15%), თურქეთი (13%), რუსეთი (7%).
    • უკრაინაში ევროკავშირის იმპორტი 2016 წელს აღდგა, რადგან ის 2016 წელს 1,9%-ით გაიზარდა, 2015 წლის 6,5%-იანი შემცირების შემდეგ, რაც უკრაინაში რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო მოხდა. ევროკავშირი უკრაინის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, რომლის წილიც მთლიან ვაჭრობაში 41%-ს შეადგენს (დაახლოებით 44%-ს უკრაინის მთლიანი იმპორტის და მისი მთლიანი ექსპორტის 38%-ს). რუსეთი მეორე პარტნიორია, რომლის წილი უკრაინის საერთო ვაჭრობაში 11,4% -ს შეადგენს.
  • საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 12%-ით გაიზარდა DCFTA-ს მიღების შემდეგ პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთი ქართული პროდუქტის ექსპორტი, როგორიცაა თხილი, სპილენძი ან ნავთობის ზეთები, გაორმაგდა ან გასამმაგდა ამ დროის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ DCFTA ზოგადად გაზრდის მშპ-ს წელიწადში 4,3%-ით (ეროვნულ შემოსავალში 292 მილიონი ევრო), თუ რეფორმები დასრულდება.
  • DCFTA-ს პირველი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოლდოვიდან შაქრის დაახლოებით 15 000 ტონა შემოიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 350%-ით გაიზარდა. DCFTA-ს საერთო შედეგის მიხედვით, ეროვნული შემოსავალი დაახლოებით 142 მილიონ ევროთი გაიზრდება, ანუ, ქვეყნის მშპ 5,4%-ით, ხოლო ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა 16%-ით გაიზრდება.
  • მოსალოდნელია, რომ უკრაინაში ექსპორტიორები ყოველწლიურად 487 მილიონ ევროს დაზოგავენ ევროკავშირის იმპორტის მოსაკრებლების შემცირების შედეგად. ამავე დროს, უკრაინული კომპანიები გააუმჯობესებენ თავიანთ კონკურენტულ პოზიციას, რადგან მიიღებენ შესაძლებლობას, შემოიტანონ ძირითადი საშუალებები შედარებით დაბალ ფასებში.

 

DCFTA მექანიზმი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

DCFTA-ს ვალდებულებების რეალიზაცია გულისხმობს რეფორმებზე გარკვეულ ხარჯებს და საჯარო ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ კორექტირებებს (მაგალითად, სამართლებრივი ნორმების ცვლილებების და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდას, მაგალითად, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ შემოწმებებს, საწარმოო პროდუქტების უსაფრთხოების მოთხოვნებს და კონკურენციის წესების მონიტორინგს, სამეთვალყურეო ორგანოებს მომსახურების სექტორში და ა.შ.).

ამავდროულად, ბიზნეს ოპერატორებმა უნდა შეძლონ ახალი წესებისა და სტანდარტების მიმართ ადაპტირება, რომლებიც წარმოიშობა ევროკავშირის კანონმდებლობის ნორმატიული მიდგომიდან, რაც გათვალისწინებულია DCFTA-ს მიერ. ეს ადაპტირება და სავალდებულო ინვესტიციები შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რაც დამატებით უნარებსა და ფინანსურ რესურსებს საჭიროებს.

ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენების მიზნით, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საჭიროა არა მარტო მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, არამედ ასევე DCFTA-ს მიერ გათვალისწინებული ახალი სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა, ტექნიკური და ხარისხის სტანდარტების დაცვა და ასევე გარკვეული ზომების მიღება ასოცირების ხელშეკრულებების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ნაწილში, როგორიცაა გარემოს დაცვა, დასაქმება და სოციალური პოლიტიკის ღონისძიებები.

ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ევროკომისიამ (EC) ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და KfW განვითარების ბანკთან (KfW) ერთობლივად დააწესეს DCFTA-ს მექანიზმი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

DCFTA-ს მექანიზმი მიიღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მილიონ ევროს გრანტების სახით, რათა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 2 მილიარდი ახალი ინვესტიციების განხორციელება გახდეს შესაძლებელი, რომლებიც დაფინანსდება ძირითადად ახალი სესხებით ამ მექანიზმის მხარდაჭერით.

დაფინანსება:                                            

  • ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს, გამოიყენონ ევროკავშირთან და რეგიონის ფარგლებში ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც გაიხსნება DCFTA-ს წყალობით;
  • გააუმჯობესებს დაფინანსების ხელმისაწვდომობას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, განახორციელონ ინვესტიციები მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით;
  • მისცემს მცირე და საშუალო საწარმოებს გლობალური ღირებულებების ჯაჭვებში ინტეგრირების საშუალებას უცხოური პირდაპირი ინვესტორებთან ბიზნეს-პარტნიორობის მეშვეობით;
  • მისცემს მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას, დაიცვან ახალი სანიტარული, ფიტოსანიტარული, ტექნიკური, ხარისხის სტანდარტები და ასევე ჩაატარონ გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

დღეისათვის DCFTA-ს მექანიზმი შედგება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შემდეგი კომპლექსისგან:

  • EBRD DCFTA პირდაპირი მექანიზმი
  • EBRD-ის მცირე ბიზნესის კონსულტაცია
  • EBRD DCFTA ხელშეწყობის პროგრამა
  • EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მექანიზმი, II ფაზა
  • EIB DCFTA ინიციატივა აღმოსავლეთი
  • EIB-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მექანიზმი, II ფაზა
  • KfW-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მექანიზმი, II ფაზა

 

 

[1] წყარო: ევროსტატი