ქართული სასტუმრო ზრდის საკუთარ მოგებასა და ბრუნვას პროგრამის „ქალები ბიზნესში“ მხარდაჭერით

სასტუმრო „პრომეთე“ წყალტუბოში
საქართველო
 | 

საქართველოში ამბობენ, რომ სტუმარი ღვთისაა. ეს ანდაზა სრულად აისახება საქართველოს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციაში. საქართველო ნადვილად სულ უფრო და უფრო იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან თავისი ულამაზესი მთებითა და ზღვის სანაპიროებით, კოსმოპოლიტური დედაქალაქით, უგემრიელესი კერძებითა და მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიციით.

„საქართველოში ტურიზმი სწრაფად ვითარდება და ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ზრუნვით მივიღოთ სტუმრები, რათა მრავალჯერ დაბრუნდნენ ჩვენთან,“ – ამბობს ხათუნა მაღლაკელიძე, სასტუმრო „პრომეთე“-ს გენერალური დირექტორი.

ოთხი მეწარმე ქალბატონის მიერ მართული 49 ნომრიანი სასტუმრო სთავაზობს სტუმრებს რესტორანს, გარე კაფესა და შიდა ბარს, სპა პროცედურებსა და გამაჯანსაღებელ მომსახურებას. სასტუმრო განლაგებულია წყალტუბოს ცენტრში, ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი მინერალური წყლით და წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურებით. სასტუმროდან სულ რაღაც სამ კილომეტრში მდებარეობს პრომეთეს მღვიმე – ულამაზესი ადგილი მიწისქვეშა ტბებითა და მდინარეებით, მღვიმური მარგალიტებითა და ჩანჩქერებით.

ტურისტების გაზრდილი ნაკადიდან მაქსიმალური მოგების მისაღებად სასტუმროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საკუთარი შიდა პროცესების გაძლიერება და საერთაშორისო საფინანსო პრაქტიკის დანერგვა, EU4Business ინიციატივისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის „ქალები ბიზნესში“ დახმარებით.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „თბილისის აუდიტორთა გუნდთან“ ერთად კომპანიამ განახორციელა სტრატეგიის პროექტი, რომლის მიზანი იყო ხელმძღვანელების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება, გადასახადებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტიზაცია და პერსონალის გადამზადება.

პროექტის განხორციელების შემდეგ სასტუმროს ხელმძღვანელობა უფრო კარგად გაერკვა ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, დაგეგმვის პროცედურების, ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესებისა და სარწმუნო ანგარიშების საფუძველზე შემოსავლებისა და ხარჯების ეფექტურად მართვის საკითხებში.

პროექტის შედეგად კომპანიის წლიური ბრუნვა 27 პროცენტით, ხოლო მოგება 9 პროცენტიდან 31 პროცენტამდე გაიზარდა.

„საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც ჩვენი სასტუმროს სტუმრები კმაყოფილები რჩებიან დასვენებით და გამოთქვამენ დაბრუნების სურვილს. მართვის სრულყოფილი სისტემის წყალობით, ახლა ჩვენ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის და სამომავლო ინვესტიციებისა და ზრდის დაგეგმვის მკაფიო ხედვა გვაქვს,” – ამბობს მაღლაკელიძე.

სასტუმრო „პრომეთემ“ ისარგებლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამით ქალები ბიზნესში, რომელიც ეხმარება ქალების მიერ მართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, მიიღონ წვდომა დაფინანსებასა და ცოდნაზე, რომელიც საჭიროა მათი ბიზნესის ზრდისთვის. პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ადგილობრივი ბანკებისთვის საკრედიტო ხაზების მეშვეობით დაფინანსების საშუალებას იძლევა, რომელიც განკუთვნილია ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, მათ შორის აწვდის მათ ბიზნეს რეკომენდაციებს, რათა ხელი შეუწყოს კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდას. პროგრამა ასევე სთავაზობს ტრენინგს, მენტორობას და სხვა სახის მხარდაჭერას ქალ მეწარმეებს, რაც საშუალებას მისცემს მათ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ცოდნა.