ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოში აგროტურიზმის განვითარებას

საქართველო
 | 

 სოფელი მუხრანი თბილისიდან მხოლოდ 30 წუთის სავალ გზაზეა. ამ მომხიბლველი, სიმწვანით განებივრებული  სოფლის ისტორია საქართველოს სამეფო ოჯახსა და ანტიკურ ქალაქს უკავშირდება.

ღვინის წარმოებას აქ ხანგრძლივი ისტორია აქვს და მჭიდროდ უკავშირდება ივანე მუხრან ბატონის სახელს. სწორედ მან - დიდგვაროვანმა სახელმწიფო მოხელემ და 19 საუკუნის მეწარმემ თანამედროვე მეთოდებით  დაიწყო ღვინის წარმოება მუხრანში. ღვინო ევროპაშიც გაიტანეს, სადაც ქართულმა პროდუქტმა რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც კი დაიმსახურა. მუხრანს კვლავ გამორჩეული ღვინის წარმოების ტრადიცია აქვს - შატო მუხრანი - ტურისტების საყვარელი ადგილი, სტუმრებს სთავაზობს ღვინის მომზადების ტექნიკის გაცნობას და სხვა გასართობს ერთ დროს სამეფო ოჯახის რეზიდენციის ტერიტორიაზე.

„შარშან ვუმასპინძლეთ 40,000-მდე სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველო განებივრებულია საერთაშორისო ყურადღებით და ტურისტებს მუხრანი ხიბლავთ მისი მდიდარი ისტორიითა და განსაკუთრებული შარმით“, ამბობს ვიქტორია შტორმი შატო მუხრანიდან.

მხოლოდ 2017 წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ საქართველოში მიაღწია 7.9 მილიონს, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ქვეყნის მოსახლეობაზე. ტურიზმის სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 6.9 პროცენტს შეადგენს. ეს ის სფეროა, რომელიც არაერთ შესაძლებლობას აძლევს მეწარმეობის ჟინით შეპყრობილ ადგილობრივებს.

თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის კი უფრო მეტად ხელს უწყობს ადგილობრივ ბიზნესს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლაში მაშინ, როდესაც მეწარმეებს გააქვთ პროდუქტი ექსპორტზე ან პროდუქტს ადგილობრივი მოხმარებისათვის აწარმოებენ.

სწორედ ამ პროცესის მხარდასაჭერად, ევრობანკი და ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში ეხმარებიან მუხრანის მოსახლეობას, სრულად აითვისონ სოფელში და მის შემოგარენში არსებული აგროტურიზმის პოტენციალი.

 „საქართველოს ბევრი შეუძლია შესთავაზოს სტუმრებს აგროტურიზმის მიმართულებით, მათ შორის ღვინის წარმოების უძველესი ტრადიცია.  შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ამ პოტენციალის განვითარებას ინოვაციური მიდგომებით, იქნება ეს ტრენინგების კურსები თუ ბიზნესის ხელშეწყობა. ევროკავშირი ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას“, ამბობს იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

„ეს არის ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორს. ჩვენ მოუთმენლად ველით შედეგებს და ვფიქრობთ, რომ აქ შეძენილი გამოცდილება შეიძლება გადავიტანოთ აგროტურიზმის პოტენციალის მქონე სხვა ქვეყნებში, ‘’ ამბობს ვიქტორია ზინჩუკი, ევრობანკის აგრობიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი.

სოფიო კუბიაშვილს სოფელ მუხრანში ქათმების მცირე ფერმა აქვს. მან უკვე მიიღო მონაწილეობა ტრენინგებში და ენთუზიაზმით უყურებს საკუთარ და სოფლის მომავალს.

„აქ უკვე დიდი ხანია ვცხოვრობ, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რამდენის შეთავაზება შეუძლია ჩემს სოფელს.“

სოფიოს უახლოეს გეგმებში შედის საკუთარი სახლის გადაკეთება ოჯახურ სასტუმროდ, რომელსაც ერთდროულად 6 სტუმრის მიღება შეეძლება.

“თანასოფლელები უკვე ბევრს ვფიქრობთ და ვმუშაობთ იმისათვის რომ ტურისტებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი არაჩვეულებრივი დასახლება.“

ტრენინგების სერია ეფუძნება საჭიროების კვლევას, რომელიც ჩაატარა ტურიზმის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციამ. ტრენინგისას,  მონაწილეები ეცნობიან აგროტურიზმის კუთხით ბიზნეს განვითარების შესაძლებლობლებს, სტუმრობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იზიარებენ იქაურ გამოცდილებას, ისმენენ სალექციო კურსებს ტურიზმის მენეჯმენტისა და ფონდების მოძიების თემაზე.

„აგრობიზნესის ხელშეწყობა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერება საქართველოში ევრობანკის სტატეგიის განუყოფელი ნაწილია. ამ პროექტით, ჩვენ ადგილობრივებს ვეხმარებით შეიძინონ მეწარმეობისათვის აუცილებელი უნარები, იმისათვის რომ სრულად გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რაც მუხრანის ულამაზეს მხარეს აქვს“, ამბობს ბრუნო ბალვანერა, ევრობანკის დირექტორი კავკასიაში.

საქართველოს სხვა სოფლებისგან განსხვავებით, მუხრანს გააჩნია ტურიზმის განვითარების გეგმა, რომელიც შემუშავდა ტურიზმის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მუხრანის ეკონომიკური განვითარების ფონდის ფინანსური ხელშეწყობით.

„გრძელვადიანი ეფექტი მუხრანის ეკონომიკაზე მიიღწევა მიზნობრივი სტრატეგიით, არსებული კულტურული ძეგლებით, რაც ბუნებრივად შეუწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნას ტურიზმის სექტორში,“ ამბობს ხუან ბაგრატიონი, ფონდის დირექტორი.

მუხრანი პატარა სოფელია, თუმცა მდიდარი ისტორიითა და ღირშესანიშნაობებით. მუხრანი ახლა მუშაობს აგროტურიზმის სრული პოტენციალის ასათვისებლად. მისი წარმატებული გამოცდილება შეიძლება გადატანილი იყოს როგორც საქართველოს სხვა მხარეებში, ასევე ქვეყნის გარეთაც.