EU4Business-ის მხარდაჭერით, მიტოვებული შენობა საერთაშორისო სასტუმროდ იქცა

საქართველო
 | 

როგორ იქცა საქართველოს შუაგულში მიტოვებული შენობა თანამედროვე საერთაშორისო სასტუმროდ სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში? მფლობელების საზრიანი მიდგომის, EU4Business-EBRD-ის საკრედიტო პროგრამის 2,6 მილიონი ევროს დაფინანსებისა და კონსულტაციების შედეგად, ლევან ერისთავმა ნანგრევები ევროპული სტანდარტის სტუმართმასპინძლობის ბიზნესით ჩაანაცვლა. ინიციატივამ 65 სამუშაო ადგილის შექმნასა და რეგიონში ათასობით ტურისტის მოზიდვას შეუწყო ხელი.  

გეგმით ლონდონიდან თელავამდე

რომ არა ბრწყინვალე ბიზნეს გეგმა, ვინ იცის, რა დრო დასჭირდებოდა ლევან ერისთავს, 7 წლის განმავლობაში ლონდონში მცხოვრებ 27 წლის მეწარმეს, საქართველოში დასაბრუნებლად.

ლევან ერისთავი სამშობლოში მაღალი დონის სტუმართმასპინძლობის ბიზნესის დაწყებაზე ყოველთვის ოცნებობდა. რამდენიმეთვიანმა კვლევამ ცხადყო, რომ მეღვინეობით ცნობილი კახეთის რეგიონის ცენტრი, შთამბეჭდავი ხედებითა და ისტორიული ადგილებით გამორჩეული თელავი ტურიზმის დიდი პოტენციალის მქონე სტრატეგიული ადგილია. პოტენციური საერთაშორისო თანამოაზრე პარტნიორების ძიებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ორწლიანი მუდმივი მოლაპარაკებები ლევან ერისთავსა და მის გუნდს, InterContinental Hotels Group (IHG)-ის ქოლგის ქვეშ მოქმედ Holiday Inn-სა და სასტუმროების მმართველ კომპანია Hotel Collection International (HCI)-ს შორის წარმატებით დასრულდა - პარტნიორებმა თელავში პირველი საერთაშორისო სასტუმრო Holiday Inn-ის გახსნა ერთობლივი სულისკვეთებით გადაწყვიტეს.

მზად იყო სამოქმედო გეგმა, თუმცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მისი განხორციელების ერთადერთ გამოწვევად რჩებოდა.

EU4Business საქმეში ერთვება

2017 წლის ასეთ კრიტიკულ ეტაპზე, EU4Business–ის მხარდაჭერით, ლევან ერისთავმა EBRD-ის 2.6 მილიონი ევროს სესხი მიიღო. დახმარების კვალდაკვალ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ლევანმა და მისმა პარტნიორებმა არსებული უფუნქციო შენობა სრულად განაახლეს, ახალი სასტუმროსთვის ავეჯი და მოწყობილობები შეიძინეს და 65 თანამშრომელიც დაასაქმეს. ავთენტური მახასიათებლებისა და თანამედროვე ტენდენციების შერწყმით, ქართული და ევროპული სამზარეულოსა და მაღალი ხარისხის მომსახურების ნაზავით, Holiday Inn Telavi 85 ნომრიან, ელეგანტურად მოწყობილ თანამედროვე სასტუმროდ გადაიქცა.

„EU4Business-EBRD-ის საკრედიტო პროგრამამ ჩვენი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მოგვცა“, აღნიშნავს ლევან ერისთავი, Holiday Inn Telavi-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. „ჩვენს გუნდს ჰქონდა იდეა, თუმცა ასეთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ჩვენ დამოუკიდებლად ვერასდროს შევძლებდით“. EU4Business-ის მიერ მხარდაჭერილი EBRD-ის სესხის შედეგად, Holiday Inn თელავში პირველ საერთაშორისო სასტუმროს ბრენდად იქცა. სასტუმრო დასვენების მოყვარულ თუ ბიზნეს მოგზაურებს საუკეთესო მომსახურებით იზიდავს. ასეთი მაღალი დონის სერვისი ქალაქში ხელმისაწვდომი აქამდე არასდროს ყოფილა.   

Holiday Inn ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე გამოცდილი და პროფესიონალი პერსონალის კუთხით. საწარმოო პროცესების, მათ შორის გათბობისა თუ გაგრილების, საკომუნიკაციო, კანალიზაციის, წყლისა და ელექტრო სისტემების გამართვაში ინვესტირებით, სასტუმრომ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა. ამასთან, Holiday Inn-მა ოპერაციული ხარჯებიც შეამცირა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობაც მეტად გაიზიარა: ახალი აპარატურა, ენერგიის დაზოგვასთან ერთად, ნაკლებ ნახშირბადსაც გამოჰყოფს.

გეგმის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ლევან ერისთავი აღნიშნავს: „ჩვენ ევროკავშირის გრანტის სახით მივიღეთ 15% ქეშბექი, რაც კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმარეთ“. რეგიონში ტურისტების მზარდი ნაკადის საპასუხოდ, სასტუმროს მენეჯმენტი უახლოეს მომავალში მომსახურების კვლავ გაფართოებას გეგმავს.

Holiday Inn-ის სესხი ერთ-ერთია იმ 39,000 სესხიდან, რომლებიც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებმა 2009-2018 წლებში მიიღეს. სესხების ჯამური თანხა 1 მილიარდს აჭარბებს.