წარმატების ისტორია: Nerji

A worker manufactures kitchen equipment at the Nerji plant in Georgia
საქართველო
 | 

კომერციული სამზარეულო ტექნიკის მწარმოებელმა საგრძნობლად გაზარდა კომპანიის ეფექტურობა, გაყიდვები და შრომის ნაყოფიერება. კომპანია გაფართოებასა და პროდუქციის ნაირსახეობის გამრავალფეროვნებას გეგმავს. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის დაფინანსებით.

შპს ნერჟი კომერციული სამზარეულო ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიას 600-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი ყავს. ნერჟის ბრენდის ქვეშ წარმოებულ მაცივრებს, ქურებს, საყინულეებს, სათავსოებს შეხვდებით რესტორნებში, საკონდიტროებში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ტექნიკა კომპანიას უცხოეთიდანაც შემოაქვს, თუმცა მას შემდეგ, რაც საწარმოო ხაზი და დანადგარები შეისყიდეს, სწორედ წარმოება გახდა კომპანიის ძირითადი საქმიანობა.

„ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია მოვარგოთ კლიენტების სურვილებსა და მოთხოვნილებებს, სწორედ ამაში იმალება ჩვენი წარმატების საიდუმლო,“ ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი ნოზაძე, „გაჩერებას არ ვაპირებთ, გვინდა უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი.“ წარმოების მოცულობის გასაზრდელად, პროდუქციის გასამრავალფეროვნებლად, ახალი კლიენტებისა და ინვესტიციების მოსაზიდად, ნერჟმა გადაწყვიტა ფინანსური მართვის პრინციპები დაეახლოებინა საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანიამ მიზნად დაისახა წერილობითი საქმეწარმოების გაციფრულება, თანამედროვე საბუღალტრო პროგრამის სრულად ათვისება და რესურსების ეფექტური გამოყენება. ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია Nigollet Audit ნერჟს დაეხმარა:

• ფინანსური ანგარიშსწორების გაუმჯობესებასა და სტანდარტიზებაში • ფინანსური ბიუჯეტის შედგენისა და დაგეგმვის პროცედურების გამართვაში • გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებაში, მათ შორის დაგეგმვასა და კონტროლში • კომპანიის თანამშრომლების გადამზადებაში

დღეს ნერჟს აქვს პროდუქტების გაცილებით მრავალფეროვანი პორტფოლიო, ვიდრე ერთი წლის წინ. კომპანიამ გააფართოვა შოურუმი და საწყობი. კომპანიის გუნდი გეგმავს პროდუქტების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ნაირსახეობა შესთავაზოს კლიენტებს და გააფართოვოს წარმოება HoReCa-ს მიმართულებით.

„გამართული ფინანსური მართვა კომპანიის გამართული მუშაობის საწინდარია. ერთობლივი პროექტის შედეგად, გაგვიადვილდა ფინანსურ მონაცემებზე წვდომა და კონტროლი, რაც ხელს უწყობს მომავლის აღქმასა და დაგეგმვის პროცესს ინვესტიციის მოზიდვისა და გაფართოებისათვის,“ დასძენს გიორგი ნოზაძე.