პირველი შეხვედრა საქართველოს მიერ მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის საკითხზე

საქართველო
 | 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) სახელმწიფო და კერძო სექტორების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2018 წლის 15 თებერვალს თბილისში, საქართველოში ჩაატარა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო მონიტორინგის სისტემას, როგორც მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგიის ეფექტური განხორციელების საკვანძო ასპექტს. შეხვედრა EU4Business პროექტის პოლიტიკიდან მოქმედებამდე ფარგლებში ჩატარდა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში არსებული მონიტორინგის სისტემის განხილვა, სტრატეგიებისა და სამუშაო გეგმების შესრულებაზე ეფექტური მონიტორინგის და ანგარიშგების საშუალებების შეთავაზება, მათ შორის შედეგზე ორიენტირებული ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის განხორციელების სტატუსის თავდაპირველი შეფასება და გამოიყო 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები.

მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტმა იანეზ სუსტერშიჩმა სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების განხორციელებაზე ეფექტური მონიტორინგისა და ანგარიშგების კარგი პრაქტიკული საშუალებები წარადგინა და საქართველოში არსებულ მონიტორინგის პროცესზე ისაუბრა. მან ასევე წარადგინა ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები, რომლის მეშვეობით საქართველოს შეუძლია შეაფასოს განხორციელებული პოლიტიკის შედეგები თუ ზეგავლენა და შეიმუშავოს შედეგზე ორიენტირებული მაჩვენებლები, მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიაში დადგენილი საერთო მიზნებისა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით.

დღის მეორე ნახევარში შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის განხორციელებაში მთავრობის მიღწევების განხილვას. აღინიშნა მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის ყველა მიმართულებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ეს მოიცავს ძლიერი დაწესებულებების შექმნას მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით (Enterprise Georgia, GITA, კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭო); მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, კერძოდ, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მეშვეობით, მათ შორის მეწარმეობის საკითხებს ყველა ახალი მოდულარული პროფესიული განათლების პროგრამაში; პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მცირე და საშუალო საწარმოებს შორის კავშირის პროგრამის დაწყებას; სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებას ინოვაციების ხელშესაწყობად.

შეხვედრას ესწრებოდნენ ძირითადი დაინტერესებული პირები, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში მცირე და საშუალო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მონიტორინგში, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა დარგობრივი სამინისტროები, Enterprise Georgia, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სტატისტიკის ეროვნული ოფისი, ევროკავშირის დელეგაცია და ბიზნეს ასოციაციები (ევროპის ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ქალები ბიზნეს ასოციაციაში).

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს EU4Business პროექტს „პოლიტიკიდან მოქმედებამდე“ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ყველა ქვეყანაში. პროექტი ხელს უწყობს კონკურენტუნარიანობას და ბიზნეს გარემოს რეფორმებს, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის დონეზე. ქვეყნის დონეზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) უზრუნველყოფს შესაბამის მხარდაჭერას პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავებაში, მონიტორინგსა და განახლებაში, კერძო სექტორის განვითარების, ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით პოლიტიკის შემუშავებისა და ბიზნეს გარემოს უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით. რეგიონალურ დონეზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ხელს უწყობს რეფორმების განხორციელებას საექსპერტო განხილვებისა და რეგიონალური პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ასევე აკვირდება პოლიტიკური რეფორმების განხორციელების სფეროში მიღწეულ პროგრესს, აფასებს მუშაობის შედეგებს და განსაზღვრავს სამომავლო პრიორიტეტებს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებისათვის.