ქართული თხილის კომპანიების მხარდაჭერა ვაჭრობის გაუმჯობესებისა და ზრდის მიმართულებით

ქართული თხილის კომპანიების მხარდაჭერა ვაჭრობის გაუმჯობესებისა და ზრდის მიმართულებით
საქართველო
 | 

18-24 მაისს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის კონსულტანტი ეწვევა თხილისა და ჩირის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს თბილისსა და ზუგდიდში. ვიზიტის მიზანია განისაზღვროს და საბოლოოდ შემუშავდეს მოქმედების ინდივიდუალური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებითაც აღნიშნული კომპანიები შეძლებენ ევროკავშირის მყიდველებთან ურთიერთობას. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული ტრენინგიც.

ვიზიტი და ტრენინგი ორგანიზებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის შესაბამისად.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტი შეხვდება პროექტის ბენეფიციარ ათ კომპანიას, მათ შორის თხილის მწარმოებელ რვა კომპანიასა და ჩირის მწარმოებელ ორ კომპანიას საქართველოს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. საწარმოების მონახულება და მართვის მეთოდების ინდივიდუალური სწავლება ხელს შეუწყობს არსებული სიტუაციის უკეთ შეფასებასა და მოქმედების გეგმის შემუშავებას სამომავლო ექსპორტის განვითარების მიზნით.

ვიზიტის ბოლო დღეს დაგეგმილი ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს თხილის მწარმოებლებს, უკეთ გაერკვნენ ევროკავშირის ბაზრის, კონკურენციისა და ვაჭრობის ძირითად ტენდენციებში. ტრენინგის მონაწილეები ასევე შეიტყობენ, სად და როგორ მოიპოვონ ინფორმაცია ბაზრის შესახებ. ტრენინგზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა პროდუქციის რეალიზაციისა და ახალ კლიენტებთან ურთიერთობის საკითხებს.

პროექტი მზაობა ვაჭრობისთვის, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე საწარმოებთან და ეხმარება მათ უცხოურ ბაზრებზე გასვლაში, განსაკუთრებული აქცენტი კი ევროკავშირზე კეთდება.