ევროპის კავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი ქართულ ბანკებთან ერთად საქართველოში ბიზნესის განვითარებას ეხმარებიან

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF), რომლებსაც ერთად EIB ჯგუფი ეწოდება, დღეს საგარანტიო სამი საგარანტიო ხელშეკრულება დადეს ქართულ ბანკებთან, რომელთა მეშვეობით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის 90 მილ

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF), რომლებსაც ერთად EIB ჯგუფი ეწოდება, დღეს საგარანტიო სამი საგარანტიო ხელშეკრულება დადეს ქართულ ბანკებთან, რომელთა მეშვეობით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის 90 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სესხების გაცემა უნდა მოხდეს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა და „თი-ბი-სი ბანკმა“ ორ საგარანტიო ხელშეკრულებაზე მოაწერეს ხელი:

  1. InnovFin ხელშეკრულება ქართული მცირე და საშუალო ზომის ინოვაციური საწარმოებისა (SME) და საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებისთვის, და 
  2. საგარანტიო ხელშეკრულება EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის მცირე სესხების გაცემაა   

InnovFin ხელშეკრულება საშუალებას მისცემს თიბისი ბანკს, გასცეს დაახლოებით  240 მილიონი ლარის (80 მილიონი ევროს) ოდენობის სესხები ინოვაციურ კომპანიებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში EIF-ის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დახმარებით, რომელსაც მხარს უჭერს Horizon 2020, ევროკავშირის  კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო-პროგრამა. InnovFin საგარანტიო ხელშეკრულება თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს ფარავს.  

მოსალოდნელია, რომ EU4Business ინიციატივის ფარგლებში მეორე საგარანტიო ხელშეკრულება განაპირობებს დამატებით დაახლოებით 42 მილიონი ლარის (14 მილიონი ევროს) ოდენობის დაფინანსების გამოყოფას, რომლითაც  მცირე და საშუალო ზომის ინოვაციური საწარმოებისთვის  მცირე სესხების გაცემა უნდა მოხდეს, რითაც საქართველოში სამუშაო ადგილების და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებისთვის მხარდაჭერა მოხდება. აღნიშნული გარანტია დაფინანსებულია ევროკავშირის  მიერ სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის მეშვეობით ბიზნეს-ინიციატივის ფარგლებში.  გარანტია ფარავს თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 70%-ს.

მესამე ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკმა კრედო ბანკთან დადო დაახლოებით 12 მილიონი ლარის (5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის) ოდენობის საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლითაც ქართული მიკრო და მცირე საწარმოებების პროექტების მხარდაჭერა მოხდება (საუბარია ისეთ ბიზნესებზე რომლებშიც ათი ან ათზე ნაკლები თანამშრომელია დასაქმებული), ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი რაიონებში მდებარე საწარმოებზე გაკეთდება.

ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი მიკროსაფინანსო ინვესტიციაა, რომელსაც იგი კრედო ბანკის მეშვეობით ახორციელებს.   საკრედიტო ხაზი მიკრო მეწარმეებზე იქნება მიმართული, მათ შორის თვითდასაქმებულ პირებზე, კერძო მეწარმეებზე და მიკრო-სამეწარმეო ჯგუფებზე, განსაკუთრებული აქცენტი ქალ ბენეფიციარებზე გაკეთდება. როგორც EU4Business ინიციატივის ნაწილი, აღნიშნული პროექტი ნაწილობრივ ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის მიერ არის დაფინანსებული.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის ამ პირველი ინვესტიციით, რომლითაც საქართველოში მიკროსაფინანსო აქტივობების მხარდაჭერა ხდება, ევროკავშირის ბანკი ისეთ მსესხებლებზე გააკეთებს აქცენტს როგორებიცაა თვითდასაქმებული პირები, კერძო მეწარმეები და მიკრო სამეწარმეო ჯგუფები, განსაკუთრებული ყურადღება ქალ ბენეფიციარებზე გაკეთდება. რა თქმა უნდა ეს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომას გააუმჯობესებს, რითაც ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას კიდევ უფრო შეეწყობა ხელი. ამავე დროს ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომელიც ინოვაციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ზრდას დააჩქარებს და მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.“ განაცხადა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.

„ევროპის კავშირი როგორც საკუთარ წევრ სახელმწიფოებში ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას აგრძელებს. ის ფაქტი რომ ამიერიდან საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოები ევროკავშირის გარანტიით გაცემული 94 მილიონი ევროს ოდენობის სესხებით ისარგებლებენ სწორედ ამისი დადასტურებაა. ინოვაცია და განსაკუთრებით ძლიერი მცირე და საშაულო ზომის საწარმოები როგორც საქართველოში ისე ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისთვის გადამწვეტ როლს ასრულებენ.“ განაცხადა კვლევის, მეცნიერების და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა. 

“მივესალმები ამ ორი საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოში. თიბისი ბანკი წამყვანი ქართული ბანკია, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს მცირე და საშუალო საწარმოების და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებზე აკეთებს. დღევანდელი შეთანხმება საშუალებას მისცემს ბანკს, განავრცოს საკუთარი ფინანსური საქმიანობა ქართული კომპანიების სასარგებლოდ“ - განაცხადა EIF-ის პრეზიდენტმა პიერ ლუიჯი გილიბერტმა დოკუმენტებზე ხელმოწერის კომენტირებისას.

,,ორი საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენს პარტნიორობაში. პროდუქტების ზომა და სტრუქტურა საშუალებას მისცემს თიბისი ბანკს, დააჩქაროს ქართული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების დაფინანსება საკრედიტო რისკის შემცირების გზით. ქართულ ფინანსურ სექტორში საგარანტიო საშუალებების დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკონომიკის შემდგომი ზრდის და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების ხელშეწყობისთვის. მოხარულნი ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული პარტნიორობა EIB და EIF-თან ამ ინოვაციური პროდუქტების დანერგვით და ველით კიდევ უფრო მეტ ხელშეკრულებებს მომავალში.“ განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ბ–ნმა ზაზა ფირცხელავამ, კრედოს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „პატივი გვაქვს ოფიციალურად გავაფორმოთ თანამშრომლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან. 2017 წელი გამორჩეული იყო კრედო ბანკის ისტორიაში. ჩვენი საერთაშორისო დამფუძნებლების მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო საბანკო ინდუსტრიას შეუერთდა და კრედო ბანკად ტრანსფორმირდა. საქართველოს აგრო სექტორში მოღვაწე მიკრო და მცირე ბიზნესებზე ფოკუსირება კვლავ რჩება კრედო ბანკის მთავარ პრიორიტეტად. შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობა არის აღნიშნული ბიზნესების მომავალი განვითარებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.  დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევით, ეს პარტნიორობა იქნება მაქსიმალურად ღირებული პროექტის ყველა მონაწილესთვის“.

წელს ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან მე-10 წლისთავს აღნიშნავს, ამ პერიოდში სულ 21 პროექტი იქნა განხორციელებული, რომელთა საერთო ოდენობა 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების კუთხით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე იმყოფება. ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში შემდეგი პრიორიტეტები გააჩნია: ადგილობრივი კერძო სექტორის გაძლიერება, განსაკუთრებით ვაჭრობის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კუთხით და ასევე სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ენერგო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ევროპის საინვესტიციო ფონდის შესახებ: ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილია. მის ძირითად მისიას ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც მათთვის ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობით უნდა მოხდეს.  ევროპის საინვესტიციო ფონდი ვენჩურულ და ზრდის კაპიტალებს, გარანტიებს და მიკროსაფინანსო ინსტრუმენტებს ქმნის და ანვითარებს, რომლებიც ბაზრის ამ სეგმენტზეა ფოკუსირებული, ამ კონტექსტში ევროპის საინვესტიციო ფონდი ევროკავშირის იმ ამოცანების განხორციელებას უწყობს ხელს, რომლებიც ინოვაციაზე, კვლევაზე და განვითარებაზე, მეწარმეობაზე, ზრდაზე და დასაქმებაზეა მიმართული.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის გრძელვადიანი სასესხო ინსტიტუციაა, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ფლობენ. ევროკავშირის პოლიტიკის მიზების განხორციელების მიზნით, ის სწორი ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას გამოყოფს.

EU4Business-ის შესახებ:EU4Business წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვს ქვეყანაში (სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვეთის რესპუბლიკაში და უკრაინაში), სრულად მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას. EU4Business პროგრამები ხორციელდება ისეთი პარტნიორების მიერ, როგორიცაა ევროპული საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რათა გზა გაუხსნან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უზარმაზარ პოტენციალს რეგიონში, რაც ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.eu4business.eu

ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)-ს ინიციატივის აღმოსავლეთ პროგრამა: EIB ჯგუფის და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევა DCFTA ინიციატივის აღმოსავლეთ პროგრამის ფარგლებში მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას ქვეყნებში, რომლებმაც ასოცირების შეთანხმებები გააფორმეს ევროკავშირთან, კერძოდ, აღნიშნული ითვალისწინებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საკუთარი EU4Business ინიციატივის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, აუმჯობესებს ბიზნეს-გარემოს, ასევე საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ადგილობრივ ბიზნესებს.