ევროკავშირი თბილისში ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს

21 მარტს საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირმა საკუთარი საგარეო საინვესტიციო გეგმა (EIP) წარადგინა. ამ გეგმის მიხედვით, 2017-2020 წლებში ევროკავშირი საჯარო და კერძო სექტორიდან ინვესტიციების მობილიზებას მოახდენს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ეკონომიკისთვის, მათ შორის საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

EIP-ის მიზანი იქნება ინვესტირების ხელშეწყობა, ისევე როგორც უფრო ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

თბილისში გამართული ღონისძიება ურთიერთობების გაღრმავების იმ ღონისძიებათა ნაწილია, რომლებიც კერძო და საჯარო სექტორებისთვის იწყობა რეგიონის მასშტაბით. ამ ღონისძიებებზე იკრიბებიან სახელმწიფო ორგანიზაციები, ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ბიზნესები, პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რათა განიხილონ ინვესტირების შესაძლებლობები სხვადასხვა სექტორში და უზრუნველყონ კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატერინა მატერნოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ EIP წარმოადგენს კიდევ ერთ ნიშანს ევროკავშირის ვალდებულებისა, წაახალისოს და დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა კერძო და საჯარო ინვესტიციით საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში.

„ჩვენი პარტნიორობის მიდგომა მომართულია მეწარმეობის, ვაჭრობისა და ინვესტირების ახალი შესაძლებლობების წახალისებისკენ. ეს მიზნად ისახავს ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებზე რეაგირებას და ინკლუზიური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის წახალისებას, ისევე როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას“, განაცხადა მან.

ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს მეწარმეობასა და ვაჭრობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში EU4Business ინიციატივის მეშვეობით, რომელიც ისწრაფვის, გადალახოს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის ბარიერები დაფინანსებით, მხარდაჭერითა და გადამზადებით, რათა დაეხმაროს მცირე ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში. EU4Business-ის ფარგლებში დახმარება გაიწევა სხვა ისეთ ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.