EU4Business მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ახალი მმართველობის ანგარიშგების მომზადებაში

საქართველო
 | 

მიმდინარე წლიდან ქართული საწარმოები პირველად მოამზადებენ და გამოაქვეყნებენ მმართველობის ანგარიშგებებს, ბუღალტრული და აუდიტორული საქმიანობის რეფორმის შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს უფრო დიდი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ქართულ ბაზარზე, საინვესტიციო პერსპექტივების გაფართოებასა და კრედიტზე წვდომის გამარტივებას. ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS), EU4Business-ის STAREP (აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში) პროგრამის დახმარებით, წამოიწყო მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ამ ახალი ლეგალური მოთხოვნის შესახებ აემაღლებინა ცნობიერება და დახმარებოდა კომპანიებს, უკეთ გაეგოთ, თუ რა მოეთხოვებათ მათ.

1-2 თებერვალს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი (CFRR) SARAS-თან ერთად ქართულ ბიზნეს-საზოგადოებას შეხვდა და მმართველობის ანგარიშგების საუკეთესო საერთაშორისო მეთოდები გაუზიარა.

სამ თემატურ სემინარს ესწრებოდა თითქმის 600 მონაწილე მსხვილი და საშუალო კომპანიებიდან, მათ შორის საბუღალტრო საქმის სპეციალისტები და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც სემინარებზე მმართველობის ანგარიშგებებისა და ინტეგრირებული ანგარიშგებების მომზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მთავარმა მომხსენებელმა, ტილბურგის უნივერსიტეტის ბიზნესისა და საფინანსო სამართლის პროფესორმა და Philips Lighting-ის ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ვერმიულენმა.

მონაწილეებმა ისარგებლეს ინტერაქტიული დისკუსიით, რომელშიც შესაძლებლობა მიეცათ, დაკავშირებოდნენ SARAS-ისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ მომხსენებლებს და მთავარ მომხსენებელს. ღონისძიებების დადებითად შეფასებასთან ერთად, მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხში დიდი ინტერესი გამოხატეს და შეუდგნენ დამატებითი შესაძლებლობების მოძიებას მმართველობის ანგარიშგებებისა და კორპორატიული მართვის ტექნიკური ასპექტების ცოდნის გასაღრმავებლად.

EU4Business-ის რეგიონალური პროგრამის „აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში“ (STAREP) ფარგლებში, SARAS და მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი (CFRR) გააგრძელებენ ქართული ბიზნეს-საზოგადოების მხარდაჭერას მის ძალისხმევაში უზრუნველყოს უკეთესი ფინანსური ინფორმაციისა და გამჭვირვალობის არსებობა.

STAREP არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროგრამა EU4Business ინიციატივის ფარგლებში. ის მიზნად ისახავს კორპორატიული ანგარიშგებისთვის გამჭვირვალე პოლიტიკური გარემოსა და ეფექტური ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნას ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.