EIB DCFTA ხაზის ფარგლებში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებზე 590 სესხი გაიცა, რამაც 20000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი

DCFTA-ს ინიციატივის აღმოსავლეთის საკრედიტო-საგარანტიო ხაზის ფარგლებში სესხები გაიცა მცირე და საშუალო საწარმოებზე

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) DCFTA-ს ინიციატივის აღმოსავლეთის საკრედიტო-საგარანტიო ხაზის ფარგლებში საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებზე გაიცა ხუთას ოთხმოცდაათი სესხი ჯამში 92 მილიონი ევროს ოდენობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

საკრედიტო-საგარანტიო ხაზის შედეგების ამსახველი საინფორმაციო ბიულეტენის მონაცემებით, 2018 წლის დეკემბრამდე გაცემული სესხების 64% ადგილობრივ ვალუტაში იყო და საშუალოდ, დაფინანსებამ ერთ მცირე და საშუალო საწარმოზე 215000 ევრო შეადგინა. სესხების შედეგად ჯამში 21700 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

პორტფელის მიხედვით, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა წარმოებაზე, სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაზე, კერძოდ, სესხების 39% მოხმარდა წარმოებას, 32%-ს ითვისებდნენ მცირე და საშუალო საწარმოები საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით, ხოლო 17% მოხმარდა სოფლის მეურნეობას, მეტყევეობასა და მეთევზეობას. 

სესხების ორმოცდათექვსმეტი პროცენტი განკუთვნილი იყო საშუალო საწარმოებისთვის, 34% – მცირე საწარმოებისთვის, 10% კი – მიკროსაწარმოებისთვის; დაფინანსების 62% საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოხმარდა, 33% კი – მატერიალური საშუალებებისთვის იყო გამიზნული.

DCFTA პროგრამით გათვალისწინებულ სამ ქვეყანაში სესხების განაწილების მიზნით, EIB თანამშრომლობს შვიდ ადგილობრივ ფინანსურ დაწესებულებასთან.
უკრაინაში EIB/EIF DCFTA პროექტის პარტნიორ „რაიფაიზენ ბანკ ავალის“ ფინანსურ დაწესებულებებთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსის ვიქტორია მასნას განცხადებით, უდიდესი სამუშაოა გაწეული: „მხოლოდ ერთ წელიწადში 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა დაბალი უზრუნველყოფის მოთხოვნის გაუმჯობესებული პირობებით, რისი შეთავაზების საშუალებაც მოგვეცა მოცემული პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულმა ინიციატივამ დადებითი გავლენა მოახდინა უკრაინის ათასობით მეწარმეზე, მისცა მათ ბიზნესის გაფართოებისა და გაუმჯობესების და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალება.“