აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი აძლიერებს ბიზნესის მხარდაჭერას

24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი ჩატარდა, რომლის დროსაც აღინიშნა ევროკავშირსა და ექვს აღმოსავლელ პარტნიორს შორის ურთიერთობებში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები, თუმცა ასევე გამოიკვეთა მოლოდინი 2020 წლისთვის იმ 20 ძირითადი მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც მოქალაქეებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს, მათ შორისაა მნიშვნელოვანი დაპირებები ბიზნესის მხარდაჭერის სფეროში.

სამიტმა თავი მოუყარა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ისევე როგორც ევროკავშირის წამყვანი ინსტიტუტებიდან, მას ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი.

 სამუშაო ადგილებზე და სამეწარმეო საქმიანობაზე ზეგავლენა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზეგავლენას ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და საზოგადოებების დაახლოებაზე, ასევე ეკონომიკაზე, კერძოდ: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა 10 000 სამუშაო ადგილი, სწავლება გაიარა 20 000 ადამიანმა და კომპანიებისთვის 100 000-ზე მეტი სესხი გაიცა“.

მან აგრეთვე აღნიშნა: „ჩვენ გავაუმჯობესეთ უფასო იურიდიულ მომსახურებაზე წვდომა, ინვესტირება მოვახდინეთ სატრანსპორტო კავშირებში, ხელი შევუწყვეთ გენდერულ თანასწორობას და ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის მიმოსვლაში. რადგან ვემზადებით 2020 წლისა და მის შემდგომ პერიოდისთვის, ახლა არის უფრო აქტიური მოქმედების დრო. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და მოდით გავაგრძელოთ ამ კურსით სვლა.“

2015 წელს რიგაში გამართული ბოლო სამიტის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა ოთხ პრიორიტეტულ სფეროს დაეფუძნა:

1       უფრო ძლიერი ეკონომიკა: ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები;

2       უფრო ძლიერი მმართველობა: ინსტიტუტების გაძლიერება და ეფექტური მმართველობა;

3       უფრო მტკიცე კავშირები: კავშირების განმტკიცება, განსაკუთრებით ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, ასევე გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში;

4       უფრო ძლიერი საზოგადოება: მობილურობის ზრდა და ადამიანებს შორის კონტაქტები.

 

20 ძირითადი მიზანი 2020 წლისთვის

ამ პრიორიტეტების ფარგლებში, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე პარტნიორმა ქვეყნებმა სამიტზე მხარი დაუჭირეს იმ 20 ძირითად მიზანს, რომლებიც განსაზღვრავენ სამომავლოდ, 2020 წლისთვის შესასრულებელ სამუშაო გეგმას. უფრო ძლიერი ეკონომიკის პრიორიტეტის ფარგლებში, ეს მოიცავს შემდეგს:

•         2017-2020 წლებისთვის, ევროკავშირი, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიზნად ისახავს, გააძლიეროს მცირე და საშუალო საწარმოების ეკონომიკური შესაძლებლობები და შეამციროს მათი ფინანსური რისკები ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის დამატებითი სტიმულირების გზით.

•         ევროკავშირის სახსრებიდან დამატებით 100 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ ექვს ქვეყანაში არსებული კომპანიებისთვის სესხების გაცემა ადგილობრივ ვალუტაში უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, იმ მიზნით, რომ 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის სულ მცირე ¼ იყოს უზრუნველყოფილი ეროვნულ ვალუტაში.

•         გარდა ამისა, ახალი გარე საინვესტიციო გეგმა, შეიცავს ინოვაციურ გარანტიას, რომელიც იძლევა პარტნიორი ქვეყნების ძირითად სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობას, კერძო სექტორის ჩართულობით.

ამასთან, ევროკავშირი უზრუნველყოფს ციფრულ პაკეტს, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, პარტნიორ ქვეყნებს შორის ჰარმონიზირებულ როუმინგის ფასებთან და შემცირებულ როუმინგისტარიფებთან მიმართებაში, ასევე უზრუნველყოფს ინტერნეტთან შედარებით მარტივ და იაფ წვდომას ეროვნული ფართოზოლიანი სტრატეგიების დანერგვის გზით, და ციფრულ დარგებში სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერას.

სამიტის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დამატებით ღონისძიებებს, რომლებშიც ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ბიზნეს სფეროები, პარლამენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. სამიტის ფარგლებში 26-27 ოქტომბერს ტალინში ასევე  გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი .

აღმოსავლეთ პარტნიორობა  2009 წელს ჩაეყარა საფუძველი, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. 

ევროკავშირი, EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას, მუშაობს ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უზრუნველყოფს პროფესიულ კონსულტაციებსა და აუმჯობესებს დაფინანსებაზე წვდომას. ინიციატივის მიზანია რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოების უზარმაზარი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.