აღმოსავლეთის პარტნიორობა

აღმოსავლეთის პარტნიორობა

აღმოსავლეთის პარტნიორობა (EaP) წარმოადგენს კოლექტიურ პოლიტიკურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას ევროკავშირს (EU), მის წევრ სახელმწიფოებსა და მის ექვს აღმოსავლელ მეზობელს შორის, რომლებიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ამ ჩარჩოში ევროკავშირის მეზობლებთან ურთიერთობის გზამკვლევი არის ევროკავშირის გლობალური სტრატეგია და განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლების სტაბილურობისა და მდგრადობის ზრდაზე.

ამ ჩარჩოში არსებობს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საგრძნობი შედეგების უზრუნველყოფის ერთობლივი ვალდებულება. აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული მიდგომის მხარდასაჭერად ევროკომისიამ და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურმა 2020 წლისთვის 20 საკვანძო მისაღწევი მიზანი გამოავლინეს, ამასთანავე ძირითადი ეტაპები უნდა იყოს შესრულებული ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც შედგება 2017 წლის ნოემბერში.

ამ მიზნების მისაღწევად, რიგაში 2015 წლის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მიღებული შეთანხმების შესაბამისად, თანამშრომლობა დაეფუძნა ოთხ ძირითად პრიორიტეტულ სფეროს, რომლებიცაა:

  • ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები;
  • ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა;
  • კავშირების გაღრმავება, ენერგოეფექტურობა, გარემოსა და კლიმატის ცვლილებები;
  • მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები.

გარდა ამისა, ხორციელდება სტრუქტურული ურთიერთქმედება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით, ყველა სფეროში გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის და, ასევე, უფრო გამოკვეთილი და ინდივიდუალური სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკის გატარების მიზნით.

ეს ახალი სტრატეგიული სამუშაო გეგმა მიზნად ისახავს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და ექვსი პარტნიორი ქვეყნის მუშაობის მართვას 2020 წლამდე, ერთობლივ მიზნებზე დაყრდნობით, აღმოსავლეთის პარტნიორობის 2009 წლის მაისში პრაღაში ჩატარებულ საწყის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.

ფართო კონტექსტში აღმოსავლეთის პარტნიორობა ასევე მხარს უჭერს გლობალური პოლიტიკის მიზნებს, რომლებიც აისახა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებსა და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.