EU4Business-ის შესახებ

უფრო ძლიერი ეკონომიკა: აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი პრიორიტეტი

ძლიერი ეკონომიკისადმი სწრაფვა ეკონომიკური განვითარებისა და ბაზარზე არსებული შესაძლებლობების მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოცემული პროექტი ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მის აღმოსავლეთ მეზობლებს – სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცებას – ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ამოცანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისა და მდგრადობის გაზრდა. 

EU4Business: მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის დახმარების უზრუნველყოფა

ევროკავშირის EU4Business ყოვლისმომცველი ინიციატივა, ითვალისწინებს ევროკავშირის ყველა აქტივობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ელემენტს სწორედ მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული ფირმების 83%-დან 99%-მდე წილი და სამუშაო ადგილების 50% მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის. თუმცა, ეს ციფრები ჯერ კიდევ ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების 85% მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის, ხოლო დასაქმებულთა წილი ორ მესამედზე მეტია.ამდენად, მცირე და საშუალო საწარმოებს გააჩნიათ შემდგომში სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების პოტენციალი, თუ მოგვარდება ისეთი დამაბრკოლებელი ფაქტორები, როგორიცაა შეზღუდული წვდომა დაფინანსებაზე, ბიუროკრატია და ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული სირთულეები.

40 პროექტზე მეტი და 320 მილიონი ევრო მხარდაჭერისთვის

EU4Business მოიცავს 43 პროექტს აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში, რომლებიც ხორციელდება როგორც რეგიონულ, ასევე ორმხრივ დონეზე. საერთო აქტიური პორტფელი შეადგენს დაახლოებით 320 მილიონ ევროს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერისთვის გამოიყოფა EU4Business-ის ფარგლებში, რამაც მოიზიდა რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პარტნიორი ბანკების დაახლოებით 1.96 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები .

დახმარება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში EU4Business უზრუნველყოფს:

  • ფინანსებაზე წვდომას: მათ შორის სესხებს ადგილობრივ ვალუტაში, ექსპორტთან დაკავშირებული ინვესტიციებისა და ევროკავშირის სტანდარტებისადმი ადაპტირების დაფინანსებას, მეწარმე ქალებისა და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერას; დაფინანსება ხშირად უზრუნველყოფილია მესამე მხარის მეშვეობით, როგორიცაა ადგილობრივი ბანკები ან პარტნიორი ორგანიზაციები. ამ საქმიანობის დიდი ნაწილი სასესხო გარანტიების სახით ევროკავშირის მხრიდან არაპირდაპირმა დაფინანსებამ გახადა შესაძლებელი.
  • ბაზრების ხელმისაწვდომობას: ბიზნეს კონსულტაციების, ექსპორტის სფეროში ტრენინგების, საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებისა და ევროკავშირის ბაზარზე სავაჭრო დელეგაციების მეშვეობით
  • ცოდნაზე წვდომას: როგორიცაა საკონსულტაციო მომსახურება, რეკომენდაციები, ტექნიკური მხარდაჭერა და მორგებული ტრენინგები უნარების გასავითარებლად

მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ქვეყნებში

მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, დამატებით დახმარებას იღებენ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი DCFTA-ს მექანიზმის საშუალებით. DCFTA-ს მექანიზმი ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებს მიიღებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ახალი ინვესტიციები სულ მცირე 2 მილიარდი ევროს ოდენობით.

ეს თანხები ხელს უწყობს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საწარმოებს, მოერგონ ახალი ბაზრის მოთხოვნებს, მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია და განახორციელონ ინვესტიციები ახალ მოწყობილობებში ევროკავშირის კანონების დასაკმაყოფილებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხარისხი და უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა და ამავდროულად მაქსიმალურად გამოიყენონ ევროკავშირის ახალი ღია საექსპორტო ბაზარი.

თანამშრომლობა ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან 

EU4Business ასევე ეხმარება ორგანიზაციებს, რომლებიც კონსულტაციას უწევენ მცირე და საშუალო საწარმოებს. მხარდაჭერის მიზანია:

  • მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგის გაუმჯობესება უკეთესი სარეგულაციო და ბიზნეს გარემოს შესაქმნელად;
  • მცირე და საშუალო საწარმოებსა და ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის კავშირების დამყარების შესაძლებლობების შექმნა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალი ბაზრების გასახსნელად.

2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე ტალინში წარდგენილი იყო რეგიონალური მემორანდუმი, რომელიც შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის 200-მდე ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით და მოიცავდა რიგ რეკომენდაციებს „ბიზნესის განვითარებისთვის არსებული პირობების გაუმჯობესებისა და საუკეთესო ბიზნეს კლიმატის შესაქმნელად“.

EU4Business ციფრებში (2009-2017 წწ.)

1.96 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სესხები გაცემულია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის რეგიონში პარტნიორი ბანკების მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა ხელი შეუწყო 28,000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ხოლო 66,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სარგებელი ევროკავშირის მხარდაჭერის წყალობით და 11,000-მა ადამიანმა გაიარა სწავლება.

მომავლის პერსპექტივები

2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის „20 შედეგი 2020 წლისთვის ფარგლებში, ევროკავშირმა 2017-2020 წლების პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად შემდეგი მიზნები დასახა:

  • 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირი, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიზნად დაისახავს მცირე და საშუალო საწარმოების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი ფინანსური რისკების შემცირებას ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემის დამატებითი სტიმულირების გზით.
  • ევროკავშირის სახსრებიდან დამატებით 100 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება იმისთვის, რომ ექვს ქვეყანაში არსებული კომპანიებისთვის ადგილობრივ ვალუტაში სესხების გაცემა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, რათა 2020 წლისთვის ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერის სულ მცირე ¼ უზრუნველყოფილი იყოს ეროვნულ ვალუტაში.
  • გარდა ამისა, ახალი გარე საინვესტიციო გეგმა მოიცავს ინოვაციურ გარანტიას, რომელიც იძლევა კერძო სექტორის ჩართულობით პარტნიორი ქვეყნების ძირითად სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობას..

EU4Business პარტნიორები

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ EU4Business-ის პროგრამებს პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ. პარტნიორებს შორისაა (ორივე – მიმდინარე და დასრულებული პროექტების გათვალისწინებით):

EU4Business-ის სამდივნო

EU4Business-ის სამდივნო EU4Business-ის განხორციელებისადმი თანმიმდევრულ და კოორდინირებულ მიდგომას უზრუნველყოფს , ასევე ახორციელებს პროექტებისა და პროგრამების მონიტორინგს და ანგარიშგებას, უზრუნველყოფს კომუნიკაციასა და ინიციატივის გამჭვირვალობას.

EU4Business-ის სამდივნოს პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს EY საკონსულტაციო მომსახურება, Panteia და Tipik-თან ერთად.